განსხვავებულის კეთებას სჯობს განსხვავებულად ვაკეთოთ

ბიზნესში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გაცილებით ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი ვიდრე ეს იყო თუნდაც გასულ საუკუნეში. ერთ-ერთი რაზეც უნდა ვიფიქროთ არის ბიზნეს პროცესები, რაც შეიძლება ჩვენი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტი გახდეს.

გამძაფრებულმა კონკურენციამ გამოიწვია ის რომ, აღარ არსებობს პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც პირდაპირი თუ არა არაპირდაპირი კონკურენტი მაინც არ მოეძებნება. უნიკალური ბიზნეს იდეა უკვე ფასეულობას აღარ წარმოადგენს რადგან “ბორბალიც” რომ გამოიგონოთ მცირე ხანში აუცილებლად გაჩნდება ვიღაც ვინც თქვენს პროდუქტს დააკოპირებს და თქვენს ბაზრის წილს საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ ის რისი გადაღებაც ძალიან რთულია არის შენი მიდგომა, დამოკიდებულება, რომ მუდმივად ეძებო შესაძლებლობები, როგორ აკეთო უკეთ. ასე რომ კონკურენტუნარიანობის გარანტი არის არა განსხვავებულის კეთება არამედ განსხვავებულად კეთება.

ნებისმიერ კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციას აქვს ბიზნეს პროცესები. ისინი ავად თუ კარგად მიმდინარეობს და შესაბამისი ხარისხის ღირებულებას ქმნის, რადგან საბოლოო პროდუქტის ხარისხი უფრო მეტად პროცესების ხარისხზეა დამოკიდებული ვიდრე სხვა ფაქტორებზე. სწორი ბიზნეს პროცესი კი არის ის რომელიც, გამომდინარეობს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტებიდან და სტრუქტურაში ამოცანებზე პასუხისმგებელ პირებს აძლევს შესაძლებლობას, რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციის ფონზე მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს.

მაგალითად ჰენრი ფორდის წარმატების გამხელილი საიდუმლო სწორედ პროცესებში მდგომარეობს. მან კონვეიერის საშუალებით შეძლო და საგრძნობლად შეამცირა ავტომობილის დამზადების დროითი და მატერიალური დანახარჯები. ასევე მინიმუმამდე დაიყვანა კონვეიერის მუშაობის შეწყვეტის შემთხვევები.

საინტერესო ფაქტია, რომ ფორდის ქარხანაში იყვნენ მუშები, რომელთა ერთადერთი ამოცანა გაჩერებული კონვეიერის სწრაფად შეკეთება იყო. მათი სახელფასო სისტემა უკუღმა მუშაობდა. თანხას იღებდნენ იმ საათების მიხედვით რომელსაც უსაქმოდ გაატარებდნენ. როგორც კი კონვეიერი გაფუჭდებოდა მათი საათი ჩერდებოდა. შესაბამისად ისინი მოტივირებულები იყვნენ პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოეგვარებინათ, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები თანხა დაეკარგათ.

strategy.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი